საქართველოში ეთნიკური უმცირესობები ისტორიული გვარების დაბრუნებას შეძლებენ

ისტორიული გვარის აღდგენის საკითხზე განაცხადის შეტანა მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები უახლოეს პერიოდში „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ" კანონის განხილვას შეუდგებიან.
კანონპროექტი პარლამენტში გასულ წელს შევიდა, მისი მიღების შემდეგ საქართველოში ეთნიკური უმცირესობები ისტორიული გვარის აღდგენას შეძლებენ.
დეპუტატებმა კანონში ცვლილებები რეგიონებში უმცირესობების წარმომადგენლებთან უკვე განიხილეს.

„ამ ცვლილებებით პარლამენტი კიდევ ერთხელ აღიარებს და პატივს სცემს თითოეული ეთნიკური უმცირესობის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციას“, – განაცხადა კანონპროექტის თანაავტორმა, კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

კანონპროექტის მიღების შემდეგ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის გაჩნდება ავთენტური გვარის მინიჭების მექანიზმი, რომელიც მათ დაკარგეს ისტორიული პროცესების გამო.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროში ეთნიკური უმცირესობებისთვის ისტორიული გვარების დასაბრუნებლად შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის საკითხს და იუსტიციის მინისტრს წარუდგენს იმ ერების სიას, რომელთა გვარები ისტორიულად შეიცვალა.
კომისია ასევე შეიმუშავებს ისტორიული გვარების აღდგენის მეთოდოლოგიას.
ისტორიული გვარის აღდგენის საკითხზე განაცხადის შეტანა მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი. მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ კრიტერიუმებს: იყოს საქართველოს მოქალაქე, დაბადებული საქართველოში 1993 წლამდე და წარმოადგინოს ეთნიკური კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
იმისათვის, რომ ეს კანონპროექტი კანონად იქცეს, მისი დამტკიცება ჯერ კომიტეტებში უნდა მოხდეს, შემდეგ კი დეპუტატებმა ის სამი მოსმენით უნდა მიიღონ.