თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს დაეხმარება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი საბაჟო პუნქტის აშენებაში, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
საქართველო აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარზე, ახალი, ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობის საკითხი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ აზიის განვითარების ბანკის საერთაშორისო ექსპერტთან რადომირ ჯურიჩთან, სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.
მხარეებმა ერთობლივი პუნქტის მშენებლობასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის ექსპერტმა, რომელიც აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის კონცეფციის შექმნაზე მუშაობს, მონაწილეებს ობიექტის მოწყობის პირობებისა და გამართული ფუნქციონირების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა.
აღნიშნული შეხვედრა გაიმართა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების ჩართულობით (შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახმელეთო სატრანსპორტო სააგენტოს და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები) და მას საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა, ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მონაწილეებს პროცესში ჩართულობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი უმოკლეს ვადაში წარმატებით განხორციელდება.
დღეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ექვსი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოქმედებს, მათგან ერთ-ერთი სარკინიგზოა.
აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 3,9 მლრდ დოლარია.
ბანკის პრიორიტეტებია საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირების გაფართოება და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
წყარო - შემოსავლების სამსახური