სანქციების დარღვევისთვის ბანკები და კომერციული ორგანიზაციები დაჯარიმდებიან

ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სანქცირებული პირების ავტომატურ შემოწმებას.
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. კომერციული ორგანიზაციები, ბანკები და ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დაჯარიმდებიან იმ პირებთან განხორციელებული ოპერაციების გამო, რომლებზეც დაკისრებულია გაეროს უშიშროების საბჭოს სანქცია ან საერთაშორისო სანქციების რეჟიმის მოთხოვნები, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში.

კერძოდ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთან ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით მოთხოვნილ, სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით ან გვერდის ავლით განხორციელებული ოპერაციების (გარიგების) გამოვლენის შემთხვევაში დეპოზიტური ორგანიზაციებისთვის ჯარიმა 5 ათას ლარს შეადგენს, მიკროსაფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციებისთვის – 7 ათას ლარს, კომერციული ბანკებისთვის კი – 10 ათას ლარს.

ამასთან, ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საეჭვო ნიშნების გამოვლენას და პირის ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ, გაეროს უშიშროების საბჭოს და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში.
იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციას არ ექნება მსგავსი სისტემა, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ემუქრებათ ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით, საკრედიტო და სადეპოზიტო ორგანიზაციებს – 15 ათასი ლარის, ხოლო ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს – 20 ათასი ლარის ოდენობით.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.