თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 7 პირის მიმართ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სამი მსხვილი საერთაშორისო კომპანიის დიდი ოდენობით ფულად თანხებს მოტყუებით დაეუფლნენ.
მათ საქართველოში სამი სხვადასხვა ფიქტიური კომპანია დააფუძნეს, რომელთა ინგლისურენოვანი საფირმო დასახელებები მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დასახელებებს მიამსგავსეს.
„ბრალდებულებმა სინგაპურსა და აშშ-ში რეგისტრირებულ საერთაშორისო კომპანიებს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია და ფულადი თანხის მიმღებად ტაილანდში, აშშ-სა და სინგაპურში რეგისტრირებული რეალური კომპანიების ნაცვლად, საქართველოში მათ მიერ დანაშაულებრივი მიზნით დაფუძნებული ფიქტიური კომპანიები მიუთითეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულთა ფიქტიური კომპანიების საბანკო ანგარიშებზე საერთო ჯამში 600 ათასამდე ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა ჩაირიცხა, რაც ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მიისაკუთრეს.
დაკავებულებს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა) წარედგინათ. დანაშაული შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.