თავის დაბანა ჩვეულებრივი მოქმედებაა, რომელიც ბევრს უკვე ავტომატიზმამდე აქვს დაყვანილი. მაგრამ, ტრიქოლოგების თქმით, არსებობს რამდენიმე რჩევა, რაც ამ ჩვეულებრივ მოქმედებას სასიამოვნო და ეფექტურ სპა-პროცედურად აქცევს.
ამისათვის სპეციალისტებმა ხუთი რეკომენდაცია შეიმუშავეს, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ:
1.
თავის დაბანამდე საგულდაგულოდ ჩამოივარცხნეთ თმა. აუცილებელია, რომ ყველა კვანძი, თვით ყველაზე პატარაც კი ბოლომდე გახსნათ. ამისათვის ჯობს გამოიყენოთ რბილკბილებიანი სავარცხელი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გრძელი თმა გაქვთ. რაც უფრო კარგად დაივარცხნით თმას დაბანამდე, მით ნაკლებად აგებურდებათ იგი შემდეგ. დავარცხნის შემდეგ, იდეალურ შემთხვევაში, თავის კანზე მასაჟიც უნდა გაიკეთოთ სპეციალური მასაჟორით ან თითებით. ასე თმის ფოლიკულებისკენ სისხლნაკადს გააძლიერებთ, რაც შამპუნისა თუ ბალზამის სასარგებლო ნივთიერებების უკეთ შეწოვას შეუწყობს ხელს. ეს ძალიან კარგია თმის ზრდისთვის.2.
თმა შეგიძლიათ დაიბანოთ სპეციალური ჯაგრისით. გარდა იმისა, რომ ის საფუძვლიანად გაასუფთავებს კანს, იმავდროულად მასაჟსაც გააკეთებს. ეს რჩევა განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ ცხიმიანი თმის მქონეებმა და ასევე მათ, ვინც უსულფატო (ანუ კონსერვანტებისა და პარაბენების გარეშე, მხოლოდ ვიტამინებისა და ზეთებისგან შემდგარ) შამპუნს იყენებს. ჯაგრისი ასეთი შამპუნის აქაფებას შეუწყობს ხელს.3.
შამპუნი უნდა წაისვათ მხოლოდ თმის ძირებზე! არ არის აუცილებელი მთელ სიგრძეზე მისი შეზელვა. ასეთ შემთხვევაში იზრდება თმის მტვრევადობის რისკი.4.
რაც შეეხება ნიღბებსა თუ ბალზამებს, ისინი სველი თმის მთელ სიგრძეზე უნდა წაისვათ. აუცილებლად სველ თმაზე! ვინაიდან წყალი საკვები ნივთიერებების ერთგვარი გამტარია. ნიღბები და ბალზამები თბილი წყლით უნდა ჩამოიბანოთ, შემდეგ კი შეგიძლიათ კონტრასტული შხაპი მოუწყოთ თმას — ოღონდ ფრთხილად, ისე, რომ თმის ძირებს არ შეეხოთ.5.
თმა უნდა შეიშროთ პირსახოცით — უნდა შეიშროთ, მთელი ძალით კი არ უნდა იზილოთ. უფრო მეტიც, არ შეიძლება სველ თმაზე პირსახოცით ჩალმის შემოხვევა და დიდხანს დატოვება. ეს თმის მტვრევადობასა და გაყოფას იწვევს. ასევე არ შეიძლება სველი თმით დაძინება, თორემ ქერტლიანობა, დერმატიტი და თმის ცვენა დაგეწყებათ. ჯობს თმის ძირები ფენით შეიშროთ, ვიდრე სველი თავით დაიძინოთ.ამასთან აუცილებლად გასათვალისწინებელია იაპონელი ექსპერტების რჩევებიც, რომელთა თქმითაც, არასათანადო ხარისხის შამპუნს შეუძლია სერიოზულად დააზიანოს თავის კანი და თმის ცვენა თუ გამელოტება გამოიწვიოს. მათ შამპუნებში შემავალი სამი ნივთიერება დაასახელეს, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაშიც უარი უნდა თქვათ ამგვარი პროდუქტის შეძენაზე.