თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 11 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ნეშტებს, რომლებიც წლების შემდეგ აღმოაჩინეს, იდენტიფიცირების მიზნით დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა.
სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში 7 დეკემბერს 17:00-დან 19:00 საათამდე და 8 დეკემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება.
11 პირიდან რვა სამხედრო და სამი სამოქალაქო პირია. სამხედრო პირებიდან სამს ხვალ, 8 დეკემბერს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენებენ.
2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით 1992-1993 წლებში აფხაზეთში საომარი მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომელმაც დაღუპულთა მოძიების პროცესი დაიწყო. ამ მექანიზმის მონაწილეები არიან ოფიციალური თბილისისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.