Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
დიდმოწამე მერკური
დიდმოწამე მერკური წარმოშობით სკვითი იყო და მხედრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში. უსჯულო იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) გამოსცა კანონი, რომელიც რომის მოქალაქეებისგან წარმართული ღვთაებების თაყვანისცემას მოითხოვდა, ქრისტიანებს კი სასიკვდილო სასჯელით ემუქრებოდა. ამ დროს იმპერიას ბარბაროსები დაესხნენ თავს და დეკიუსმა ლაშქრი შეკრიბა მათთან საბრძოლველად. ერთ-ერთი ბრძოლის დროს წმიდა მერკურის უფლის ანგელოზი გამოეცხადა, მახვილი გაუწოდა და უთხრა: „ნუ გეშინია, მხნედ შეებრძოლე მტერს და როცა გაიმარჯვებ, არ დაივიწყო უფალი ღმერთი შენი“. წმიდა მეომარმა ამ მახვილით გაბედულად გაიკაფა გზა მოწინააღმდეგის ურდოებს შორის, ბარბაროსთა მეფეც მოკლა და რომაელებს გამარჯვება მოუტანა. მადლიერმა იმპერატორმა სიმამაცისთვის წმიდა მერკური უხვად დააჯილდოვა და მხედართუფროსად დანიშნა.
წმიდა მერკური მოინათლა. მან უარი განაცხადა საზეიმო წარმართულ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობაზე, რისთვისაც მრისხანე იმპერატორმა თავისთან მოიხმო. მერკურიმ დაუფარავად აღიარა, რომ ქრისტიანი იყო, უღმრთო თვითმპყრობელს ფეხებთან მიუგდო მეომრის სარტყელი და მანტია და მიწიერ პატივზე უარი განაცხადა. საპყრობილეში წმიდანს კვლავ გამოეცხადა ანგელოზი, განამტკიცა და მოუწოდა, ყოველგვარი სატანჯველი გაბედულად დაეთმინა ქრისტესთვის. დიდმოწამეს კაბადოკიის კესარიაში მოჰკვეთეს თავი.
დიდმოწამე ეკატერინე, წმიდა მოწამე ავგუსტა; წმიდა მოწამე პორფირი სტრატილატი და 200 მხედარნი
დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონსტის ასული იყო.
ალექსანდრიაში წარმართულ დღესასწაულზე თავად იმპერატორი მაქსიმინე (305-313) ჩავიდა. მოედნებზე გამოფენილმა ბრბომ აავსო ქალაქი. მსხვერპლად ადამიანებსაც სწირავდნენ - დაუნდობლად ყრიდნენ ცეცხლში ქრისტეს აღმსარებლებს, რომლებიც სასტიკი სატანჯველებითაც ვერ გადაედრიკათ მაცხოვნებელი სარწმუნოებისაგან. ქრისტეს მოწამეებისადმი წმიდა სიყვარულითა და მათთვის ხვედრის შემსუბუქების დაუოკებელი სურვილით აღძრულმა ეკატერინემ თვით იმპერიის მთავარ ქურუმებსა და უღმრთო იმპერატორ მაქსიმინეს მიმართა. ნეტარმა ვინაობა განაცხადა, დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება და ბრძნულად ამხილა წარმართთა ცდომა. იმპერატორმა საწამებლად შეაგდო ნეტარი, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდია. დედოფალმა ავგუსტამ, რომელსაც ბევრი სმენოდა წმიდა ეკატერინეს შესახებ, მისი ხილვა მოიწადინა. დედოფალი გააოცა ღვთაებრივი მადლით სახეგაბრწყინებული წმიდანის სულის სიმტკიცემ. წმიდა ეკატერინემ მოსულებს ქრისტიანული სწავლება განუმარტა და მათაც ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი.

მარტვილს ბორბალზე წამებით დაემუქრნენ და კიდევ ერთხელ მოსთხოვეს ქრისტეს უარყოფა და ცრუღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვა. უფლის რჩეულმა ისევ ახოვნად აღიარა მაცხოვარი. იგი თავად მიუახლოვდა ბორბლებს, მაგრამ ანგელოზმა შემუსრა წამების იარაღები და მიმოფანტულმა ნამსხვრევებმა ბევრი წარმართი იმსხვერპლა. ეს სასწაული რომ იხილეს, დედოფალმა ავგუსტამ და მხედართუფროსმა პორფირიმ ორას მეომართან ერთად დაუფარავად აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება, რისთვისაც ყველა სიკვდილით დასაჯეს. მაქსიმინე ისევ შეეცადა ქალწულის ცთუნებას და ამჟამად ცოლობა შესთავაზა მას, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. ნეტარმა ეკატერინემ მტკიცედ განაცხადა, რომ თავისი ზეციური სიძის - ქრისტეს ერთგული რჩებოდა, ლოცვა აღავლინა მისადმი და თავად დადო თავი ჯალათის კუნძზე. უსჯულოებმა მარტვილს თავი მოჰკვეთეს.
ღირსი მასტრიდია
ღირსი მასტრიდია ეგვიპტის ალექსანდრიაში ცხოვრობდა. მან ქალწულობის აღთქმა დადო, მკაცრად მარხულობდა და გამუდმებით ლოცულობდა. ერთხელ ქალწულის წმიდა ცხოვრებას გამოცდის ჟამი დაუდგა: ერთ ჭაბუკს ბილწი გულისთქმები აღეძრა მის მიმართ და ისე შეავიწროვა, რომ მასტრიდია იძულებული გახდა, შინ გამოკეტილიყო - ტაძარშიც არ დადიოდა. ის წუხდა, რომ უნებლიეთ აცთუნა ჭაბუკი, მისი საცხოვნებელ გზაზე დაყენების საღვთო შური აღეძრა და შინ მოუხმო. როცა შეიტყო, რომ ვაჟს განსაკუთრებით მისი მშვენიერი თვალები იზიდავდა, წმიდა მასტრიდიამ დაუნდობლად დაითხარა ისინი მაქოთი, რომლითაც ტილოს ქსოვდა. ასე დაიხსნა მან ცთუნებისაგან საკუთარი თავი და ჭაბუკიც, რომელიც სინანულში ჩავარდა, ბერად აღიკვეცა და მკაცრ, ასკეტურ ღვაწლს შეუდგა. თავად წმიდა ქალწულმაც ცხოვრება ღვთივსათნო ღვაწლში გალია.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.