თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად სისხლის ანალიზის გაკეთებაზე უარი თქვა. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ვასილ კაკაშვილმა განაცხადა.
ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ადრე განაცხადა, რომ თმის ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე ლითონები გამოავლინა, რომლებიც შეიძლება ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი იყოს. თავად სააკაშვილმა მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ განცხადებებს სპეკულაცია უწოდა.
„ჩვენ შევთავაზეთ ნიმუშის აღება, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა დღეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე იმ მიზეზით, რომ, მისი განმარტებით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო დღეს არ სურდა ნიმუშის აღება“, – განუცხადა კაკაშვილმა ჟურნალისტებს.
თუმცა, კაკაშვილის თქმით, სააკაშვილს საბოლოო უარი არ უთქვამს ნიმუშის აღებაზე და ეს საგამოძიებო მოქმედება მომდევნო დღეებში ჩატარდება.
„ჩვენ დავნიშნეთ ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, დავუსვით ექსპერტს შეკითხვები იმ მეტალებსა და უცხო სხეულებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ გავრცელდა ინფორმაცია მედიასაშუალებებში. ექსპერტიზის ბიურომ მიზანშეწონილად ჩათვალა დამატებით ნიმუშის აღება“, – აღნიშნა კაკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტი 12 მაისიდან სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შიმშილობის შემდეგ დაეწყო, რომელიც 50 დღე გრძელდებოდა.
გუშინ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნა გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და ამ ეტაპზე ფასდება როგორც „მძიმე“. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მიმდინარე მკურნალობა შედეგს არ იძლევა.
1 დეკემბერს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. ამ საკითხზე სასამართლო სხდომა 9 დეკემბერს ჩაინიშნა.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.