ჯერ კიდევ მოსაძებნი და აღმოსაჩენი არიან 20 წლის განმავლობაში რუსეთში მცხოვრები კოლუმბიის მოქალაქის თანამზრახველები. სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ „ფეიკები“ არ არის ამ ჯგუფის ერთადერთი საგმირო საქმე. გამოძიების მონაცემებით, ჯგუფი 2020 წელს დაკავებული იყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის იმიტაციით, წერს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„ბოტების ფერმა“ სავაჭრო ცენტრში
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის 5 მარტიდან 9 აპრილამდე ჰირალდო სარაი პირთა ჯგუფთან ერთად მიზანმიმართულად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებაზე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში.
ბოროტმოქმედებმა შექმნეს „ბოტების ფერმა“ სმარტფონებისგან და განათავსეს ისინი მოსკოვის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში. შემდეგ ამ ფერმებიდან მასობრივად იგზავნებოდა ყალბი ინფორმაცია რუსი სამხედროების ქმედებებზე, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე.
კოლუმბიელის წინააღმდეგ საქმე აღიძრა რუსეთის ეფ-ეს-ბეს კონტრდაზვერვის სამსახურის მასალების მიხედვით. ჰირალდო სარაი 2022 წლის 10 აპრილს დააკავეს და მომდევნო დღეს ბასმანის სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობა შეუფარდეს.
„ფული მჭირდებოდა“
ჰირალდო სარაი ბოლო 20 წელია, რუსეთში ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ცხოვრობს. რუსული მასმედიის მონაცემებით, კოლუმბიელი მსახურობდა მენეჯერად მცირე კომპიუტერულ ფირმაში, მოასწრო დაქორწინებაც და დაშორებაც. ჰყავს ორი შვილი.
რატომ დაიწყო სარაიმ „ფეიკების“ დაგზავნა? თავად გამომძიებლებს საქმიანობა ასე აუხსნა:
„წესიერად არც ვიცოდი, რისთვის იყო საჭირო ეს კონსპირაციული არხი, მითითებებს ჩემი უცხოელი მეგობრები მაძლევდნენ და მეც ვასრულებდი. ყველა ქმედება ტელეფონით ამერიკიდან სრულდებოდა. ფული მჭირდებოდა“, - აღნიშნა ბრალდებულმა.
მისი სიტყვებით, ამ საქმეში იგი ჩაითრია ნაცნობმა ესპანეთიდან, რომელიც ჩატებში იწერებოდა „მადრიდის“ ნიკით. კიდევ ერთი კურატორი თავს უწოდებდა ბილ ბრაისს.
აქაც USAID!
მართლაც ვერ ერკვეოდა თუ არა სარაი, რას საქმიანობდა? გამოძიების მასალების თანახმად, ბრალდებული თავს იკატუნებს.
კოლუმბიელი ზედმიწევნით იცავდა კონსპირაციას: დოკუმენტები, ტელეფონები და სხვა ტექნიკა გამომძიებლებმა სპეციალურად აღჭურვილ საიდუმლო საცავში იპოვეს.
საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლებმა აღმოაჩინეს ასევე პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც კოლუმბიელსა და მის თანამზრახველებს საშუალებას აძლევდა, სმარტფონები დისტანციურად ემართათ და ცნობები თითქოსდა რეალური აბონენტებისგან მკაცრად განსაზღვრულ დროს დაეგზავნათ.
ჰირალდო სარაი მიმოწერას აწარმოებდა საქმის სხვა მონაწილეებთან. როგორც საგამოძიებო კომიტეტში გაარკვიეს, ჰირალდო სარაის კურატორები საქმიანობდნენ ამერიკული კომპანიის Digital Humanity-ის ინტერესებში, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სახელმწიფო სააგენტო USAID -თან.
„გახსნილია დანაშაულებრივი ჯგუფის დაფინანსების ჯაჭვი, მათ შორის, კრიპტოვალუტის გამოყენებით. ფული და ციფრული ფინანსური აქტივები გამოძიების მხრიდან დაყადაღებულია. ჯგუფის დანარჩენ მონაწილეებზე გამოცხადებულია ძებნა“, - აღნიშნეს კომიტეტში.
კოლუმბიელს წაუყენეს ბრალი სპეციალური სამხედრო ოპერაციის წარმოებისას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ ყალბი ინფორმაციის განზრახ გავრცელებაში. ეს მუხლი ითვალისწინებს ფულად ჯარიმას 3-დან 5 მილიონ რუბლამდე, იძულებით სამუშაოს 5 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას 5-დან 10 წლამდე ვადით.
მაგრამ ეს არ არის ამ მეტად უცნაური სისხლის სამართლის საქმის დასასრული. გამოძიებისას კიდევ ერთი სენსაციური ამბავი გაირკვა.
სად მიდის სინამდვილეში „რუსული კვალი“ ამერიკულ არჩევნებში
როგორც გაირკვა, იგივე ჯგუფი ორი წლის წინ იყენებდა იმავე სქემას „2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კომპრომეტაციის და მითითებულ საარჩევნო კამპანიაში რუსული ჩარევის იმიტაციის მიზნით“.
კონსპირაციული არხებით ყალბი ელექტრონული წერილები იგზავნებოდა რუსული სპეცსამსახურების ოფიცრების სახელით, რომლებიც არიგებდნენ სხვადასხვა დავალებას, მაგალითად, კანდიდატებზე ტექსტების მომზადებას.
„ეს ფაქტები გადაგზავნილია სახელმწიფოს უსაფრთხოების დამაზიანებელი დანაშაულის ნიშნების შემცველობის შესაფასებლად“, - აღნიშნავენ საგამოძიებო კომიტეტში.
ასე რომ, ეს ხმაურიანი ისტორიის მხოლოდ დასაწყისია.