თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველო ვერ და არც გაუწევს უკრაინას სამხედრო დახმარებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ასე უპასუხა მდინარაძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას. როგორც კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად მრავალრიცხოვანი თხოვნისა, უკრაინას არ მიუღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან იარაღის, საბრძოლო მასალის, ასევე როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდების თაობაზე.
„მათ უნდათ, და ეს თქვა კიდეც კასიანოვმა, რომ საქართველო გამოდიოდეს როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ანუ ომში... როდესაც რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას უნდა მიაწოდოს იარაღი, სამხედრო ტექნიკა და ა.შ... ნიშნავს, რომ საქართველო სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში უნდა დაფიქსირდეს როგორც მხარე“, – განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო უკრაინას აბსოლუტურ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს.
„საქართველო... უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს თავისი შესაძლებლობების ფარგლებს ზემოთ, სამხედრო დახმარებას კი ვერ და არ გაუწევს, რადგან ნომერი პირველი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანა სამხედრო მხარდამჭერად ვერ დაფიქსირდება“, – აღნიშნა მდინარაძემ.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს. როგორც უფრო ადრე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველო უკრაინას არ აწვდის იარაღს, რადგან არ უნდა ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.