თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. „ომის პარტიის“ წარმომადგენლები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი საქართველოს მოქალაქე გაგზავნონ უკრაინაში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები „ფარისეველ პოლიტიკოსებსა“ და „ომის პარტიის წარმომადგენლებს“ უწოდებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მათ მხარდამჭერებს. მანამდე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის საქართველოს მოქალაქეების უკრაინაში გაგზავნა ქართველი ოპოზიციონერების ორგანიზებით ხდება.
„დიახ, ყველამ იცის და ამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს, ვინ წაიყვანონ (უკრაინაში) და რომანტიზება როგორ მოახდინონ ამ ამბების", – განაცხადა ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი მებრძოლი უკრაინაში ვიღაცის მოწოდებით წავიდა, ზოგი კი „გმირული სულისკვეთებით, რწმენით“ იბრძვის. მან ასევე სამძიმარი გამოუცხადა უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს.
„არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინაში ვიღაცის მოწოდებით არიან წასულები და არიან ვიღაცის წაყვანილები. არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი გმირული სულისკვეთებით, რწმენით იბრძვიან და ასეთებიც ბევრნი დაიღუპნენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მეც სამძიმარი გამოვუცხადო თითოეული იმ გარდაცვლილი ადამიანის ოჯახს, ყველა ახლობელს და მთელ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც დასაკარგი მოქალაქეები არ ჰყავს“, – განაცხადა მდინარაძემ.
მარტიდან მოყოლებული უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში დაიღუპა 33 ქართველი, აქედან ერთბაშად ექვსი მებრძოლი რამდენიმე დღის წინ დაიღუპა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მომხრეები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის გამო, ბრალს სდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის „პრორუსული ძალაა“. ხელისუფლება ასევე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან უარი თქვა უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე. ამის მიზეზად ხელისუფლებამ ის დაასახელა, რომ ამას შეაფასებდნენ, როგორც ქვეყნის კონფლიქტში ჩართვას.