თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. თბილისსა და რომს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც კულტურის, გარემოს დაცვის და ურბანული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს, იუწყება თბილისის მერია.
დოკუმენტს ხელი საქართველოსა და იტალიის დედაქალაქების მერებმა კახა კალაძემ და რობერტო გუალტიერიმ რომში თბილისის მერის ვიზიტის ფარგლებში მოაწერეს.
„მემორანდუმის გაფორმება კარგი საფუძველია იმ საკითხებში თანამშრომლობისთვის, რაც საერთოა ჩვენთვის. ვგულისხმობ კულტურას, გარემოს დაცვას, ურბანული თემებს. ჩვენ ძველ და დიდი ტრადიციების მატარებელ ქალაქებს წარმოვადგენთ, რომლებიც საუკუნეებს ითვლიან და მოხარული ვარ, რომ გვიწევს ამ ურთიერთობების გაღრმავება“, – განაცხადა რობერტო გუალტიერიმ.
„ამ მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით შევძლებთ თანამშრომლობას. ეს იქნება კულტურა, ურბანული მიმართულება, ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, გავიზიარებთ იმ დიდ გამოცდილებას, რომელიც რომს გააჩნია და საუკეთესო მაგალითებით იქნება განხორციელებული სხვადასხვა პროექტი ჩვენს დედაქალაქში“, – განაცხადა, თავის მხრივ, კალაძემ.
თბილისის მერმა ზოგადად იტალიის დედაქალაქში თავის ვიზიტზეც ისაუბრა.
„ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე გავეცანით ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც რომში ხორციელდება. ეს არის მეტროს ახალი ხაზის მშენებლობა, სადაც 30 სადგური აშენდება. რამდენიმე მილიარდი ევრო ჯდება ამ პროექტის განხორციელება. 2006 წელს დაიწყო და მომდევნო 2 წლის განმავლობაში იქნება დასრულებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რომის მერიაში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე დაესწრნენ.
წყარო - თბილისის მერია