ილია მეორე მდინარე იორდანზე ქართული კულტურის ცენტრის პირველად ვერსიას გაეცნო

იორდანიის მეფე აბდალა მეორის და პრინც ღაზის გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს შეხვდა და წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარუდგინა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
იორდანიის მეფე აბდალა მეორის და პრინც ღაზის გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ამ ადგილზე ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.
„ჩვენს პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარვუდგინე და გავაცანი. მისმა უწმინდესობამ მისი მოსაზრებები გამიზიარა და პროექტზე ერთად ვიმსჯელეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო სამშენებლო სამუშაოები ნებართვის მიღებისთანავე დაიწყება.
მომავალ ცენტრში მუზეუმის უმეტესი ნაწილი დაეთმობა ქართველი სასულიერო პირების წმინდა მიწაზე ცხოვრების პერიოდს და იქ შექმნილ კულტურისა თუ ქრისტიანული მწერლობის ნიმუშებს, აღნიშნა პრემიერმა.
ზაფხულში ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში გაემგზავრა, სადაც საქართველოსთვის მდინარე იორდანესთან მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
4 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთის გადმოცემის შესახებ გახდა ცნობილი 19 იანვარს - უფლის ნათლისღების დღეს.
საქართველომ და იორდანიამ დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის 6 აპრილს დაამყარეს. საქართველოს საელჩო სამეფოში 2004 წელს გაიხსნა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.