სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლონეთის მხარდაჭერის იმედი აქვს

დუდამ კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების საკითხებში
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პოლონეთის მხარდაჭერის იმედი აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზურაბიშვილსა და დუდას შორის მოლაპარაკებები შედგა, შემდეგ კი პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
„ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა. შემდეგი ეტაპი არის ის სტატუსი, რაც სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ პირველ ეტაპზე უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ამის მიზეზები სხვადასხვაგვარი იყო, მაგრამ ჩვენ ამას უნდა დავუბრუნდეთ. ვიცი, რომ შეგვიძლია, ამ შემთხვევაში ჩვენი მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა პოლონეთს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის ავლენდა საქართველოს მიმართ არამარტო ბოლო 30 წლის, არამედ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში.
მისი თქმით, საქართველო აგრძელებს გზას ევროკავშირის წევრობისკენ, რადგან ეს ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის სურვილია.
„ეს არის ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტის სურვილი. ეს პროცენტი არ შეცვლილა ბოლო 30 წლის განმავლობაში და ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ. ვიცით, რომ პოლონეთი შემდეგ დისკუსიებშიც მხარს დაგვიჭერს“, - აღნიშნა მან.
ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პოლონელია, ასევე ამ მისიაში 22 პოლონელი დამკვირვებელი მონაწილეობს.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მადლიერება ამ ყველაფრისთვის და ჩვენი ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში, როცა ჩვენც ვიქნებით სრულყოფილი წევრი გაერთიანების, რასაც ჰქვია ევროკავშირი, ჩვენც ვიქნებით სანდო მეგობარი პოლონეთისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა დუდამ კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების საკითხში და იმედი გამოთქვა, რომ არც თუ ისე შორეულ პერიოდში საქართველო მიიღებს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრის სტატუსს, ასევე ნატოს წევრი გახდება.
„პოლონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ამ მისწრაფებებს და კვლავ მხარს დაუჭერს. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხია. ევროკავშირსა და ნატო-ში გაერთიანება საქართველოს უფრო მეტ კარგ პირობებს მისცემს, რათა ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური უსაფრთხოება მოიპოვოს“, - განაცხადა დუდამ.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი 6 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმინდა გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის – „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.
მეორე მსოფლიო ომის და გერმანული ოკუპაციის პერიოდში გრიგოლ ფერაძე პოლონეთის დედაქალაქში დარჩა, სადაც ებრაელებს იცავდა და იღებდა მონაწილეობას წინააღმდეგობის მოძრაობაში.
ვარშავაში წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიის ლაურეატები დაასახელეს >>
მამა გრიგოლი ხშირად იფარებდა ფაშისტებისგან დევნილ ადამიანებს, რისთვისაც შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი ოსვენციმის ბანაკში გადაიყვანეს, სადაც 1942 წელს აღესრულა. როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იგონებენ, მამა გრიგოლთან ერთად ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი ყოფილა, რომელსაც ფაშისტებმა გაზის კამერაში გაგუდვა დაუპირეს. მამა გრიგოლს შებრალებია ეს კაცი, მისი სასჯელი თვითონ აუღია თავზე და მის მაგივრად შესულა გაზის კამერაში.
1995 წელს მამა გრიგოლ ფერაძე საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.