თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი ვერ განიხილება იმ დრომდე, ვიდრე ოპოზიციის ნაწილი კონსტრუქციულ რეჟიმში არ გადავა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.
ივლისის დასაწყისში მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გამოთქვა მზადყოფნა, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 5%-დან 2%-მდე დაწიოს, თუ მანამდე ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
„ჩვენ ვთქვით, რომ სანამ ოპოზიციის შესაბამისი წარმომადგენლები კონსტრუქციულ რეჟიმში არ გადავლენ, ეს პროცესი წინ ვერ წაიწევს. თუმცა, ჩვენ ამის პოლიტიკური მზადყოფნა გაგვაჩნია. ამ ეტაპზე არანაირი ნიშანწყალი ამ კონსტრუქციულობის არ იკვეთება, რის გამოც ეს პროცესი ჯერჯერობით გაჩერებულია", – განაცხადა მიქანაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული საკითხისადმი პოლიტიკური მხარდაჭერა უკვე დააფიქსირა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. მაგრამ რადიკალურმა ოპოზიციამ ამის შემდეგაც საპირისპიროდ იმოქმედა, აღნიშნა მიქანაძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლები „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და რამდენიმე პოლიტიკურ ძალას, რომლებიც მათთან თანამშრომლობენ.
როგორც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებმა აჩვენა, 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეუძლია „ქართულ ოცნებას", „ნაციონალურ მოძრაობას" და გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის".
2021 წელს 2%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლო მხოლოდ ერთმა პარტიამ – „ლელო საქართველოსთვის“.
დანარჩენმა შვიდმა პარტიამ, რომელთაც საკანონმდებლო ორგანოში თავისი წარმომადგენელი ჰყავთ, ამომრჩეველთა ხმების 1-1,5% მიიღო.