ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა

მხარეთა გადაწყვეტილებით, ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება
Sputnik
თბილისი, 4 დეკემბერი- Sputnik. სამართლებრივი ფორუმი, რომლის მიზანი საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა, წელს პირველად ბათუმში გაიმართა და ერთობლივი დეკლარაციის შემუშავებით დასრულდა.
ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგა ფიქრათ მამადოვმა გახსნეს. ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის დელეგაციამ შეხვედრები გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურ თორნიკე რიჟვაძესა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძესთან.
მხარეთა გადაწყვეტილებით, ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება და მას საქართველო და აზერბაიჯანი მორიგეობით უმასპინძლებს“. შესაბამისად, მომდევნო ფორუმი ბაქოში გაიმართება.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ფორუმი წარმოადგენს ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების მჭიდრო და ნაყოფიერი მუშაობის შედეგს, რომელიც დაიწყო შარშან ვენეციაში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომლის ორგანიზატორი ევროპული საბჭო იყო.