თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა სხვა კლინიკაში გადაიყვანონ.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა 1 დეკემბერს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით მიმართა.
„არ გამოვრიცხავ, სააკაშვილი სხვა კლინიკაში გადაიყვანონ. ჩვენ გვინდა საზღვარგარეთ (გადაყვანა - რედ.), მაგრამ ამისთვის პროცესია ჩასატარებელი. პროცესამდე კი რეანიმაციულ განყოფილებაში უნდა გადაიყვანონ, რადგან ბოლო სამი დღეა, განსაკუთრებულად დამძიმდა“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ სასამართლო სასჯელის გადავადებაზე უარს იტყვის, სათანადო მკურნალობის გარეშე ექს-პრეზიდენტი მოკვდება.
„სასამართლომ თუ უარი უთხრა სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლებაზე, აქ მოკვდება, დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
სააკაშვილის მდგომარეობა
ყოფილი პრეზიდენტი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მისი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შიმშილობის შემდეგ დაიწყო, რომელიც 50 დღე გრძელდებოდა.
დღეს ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. 194-გვერდიან დოკუმენტზე ათი ქართველი და ექვსი უცხოელი სპეციალისტი მუშაობდა.
ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ექს-პრეზიდენტს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები, დაკავშირებული ნეიროფსიქიკურ, გასტრო-ენტეროლოგიურ, ასევე საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებთან. აგრეთვე პრობლემები მხედველობის მხრივ, დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების, ძვლების ტკივილი.
ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილს მთელ სხეულზე აღენიშნება ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგს.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.