თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აივ-ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეებს მოუწოდებს, ინფექციაზე უფასო ტესტირება ჩაიტარონ, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკა ადამიამ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1 დეკემბერს შეძენილ იმუნოდეფიციტთან – აივ-ინფექცია/შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება (World AIDS Day).
ამ დღეს იმართება ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მკურნალობისა და პრევენციის ღონისძიებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
როგორც ადამიამ აღნიშნა, საქართველოში მოქმედებს აივ-ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც თითქმის სრულად ფარავს პაციენტების ყველა ხარჯს – როგორც პრევენციულ ღონისძიებებს, ასევე მკურნალობასა და დიაგნოსტიკას.
„ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მობილური ლაბორატორია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდება და ხელს უწყობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას: დაავადების დიაგნოსტირებას, პაციენტებისთვის კონსულტაციის გაწევას, რათა მოხდეს ყველა აივ-ინფიცირებული პირის გამოვლენა და მათი მკურნალობის დროულად დაწყება“, – განაცხადა ადამიამ „პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, ძალზე ხშირად ადამიანებმა არ იციან, რომ არიან ვირუსის მატარებლები. ამიტომაც აუცილებელია პერიოდულად სკრინინგის ჩატარება, რომელსაც აივ-ინფექციასთან ერთად შეუძლია გამოავლინოს С ჰეპატიტი, ტუბერკულოზი.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 9.714 აივ-ინფიცირებულია, მათგან 7.257 მამაკაცი და 2.457 ქალია. უმეტესობა პაციენტის ასაკი 29-40 წელია.
ინფიცირებულებიდან შიდსი 4.742 პაციენტს განუვითარდა, აქედან 2.059 გარდაიცვალა. 2020 წელს გარდაიცვალა 157 ადამიანი.
მიმდინარე წელს დაფიქსირებულია აივ-ინფექციის 552 ახალი შემთხვევა. ცენტრის ინფორმაციით, მკურნალობის კურსს გადის 5.968 ადამიანი.
შიდსით დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და კონსულტაცია საქართველოში უფასო და ანონიმურია.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას. ადრეულ სტადიებზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მის განვითარებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი ოპორტუნისტული ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი ხდება.
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) აივ-ინფექციის ბოლო სტადიაა. შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, სანამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს შიდსი განუვითარდება, ამ პროცესის კიდევ უფრო შენელება ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს შეუძლია.
აივ-ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტის დროს (ანალური ან ვაგინალური), დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, დაინფიცირებული ნემსების გამოყენების დროს, ასევე დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.