თბილისი, 1 დეკემბერი − Sputnik. გაეროს განათლების, კულტურისა და მეცნიერების ორგანიზაცია იუნესკომ მაროკოში გამართულ ყოველწლიურ ყრილობაზე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ფრანგული ბაგეტი შეიტანა.
როგორც იუნესკოს დადგენილებაშია ნათქვამი, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტად აღიარებულია არა მარტო თავად პური, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მასთან დაკავშირებული „ოსტატობის უნარები და კულტურა“.
„ახალი ჩანაწერი #IntangibleHeritage-ს ნუსხაში: ბაგეტის ოსტატობა და კულტურა. ვულოცავთ საფრანგეთს“, − წერია იუნესკოს ტვიტერ-აკაუნტზე.
ბაგეტი ფრანგული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია პოპულარული. თავად საფრანგეთში, ფრანგული საცხობების ეროვნული ფედერაციის ცნობით, ყოველწლიურად 6 მილიარდზე მეტი ბაგეტი ცხვება. დღეისათვის ქვეყანაში ერთი ბაგეტის ღირებულება დაახლოებით 1 ევროა.
საქართველოდან იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესულია:
ქართული მრავალხმიანობა - შეტანილია 2001 წელს;
ქვევრი, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი - შეტანილია 2013 წელს;
ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა - შეტანილია 2016 წელს;
ქართული ჭიდაობა - შეტანილია 2018 წელს.