ბათუმში სათამაშო ბიზნეს-ობიექტებს არალეგალურად ამუშავებდნენ

გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს.
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე აჭარაში ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულებს ბათუმში ორ სხვადასხვა ადგილზე სათამაშო ბიზნესის ობიექტები ჰქონდათ გახსნილი და არალეგალურად ამუშავებდნენ.

„ერთ შემთხვევაში არალეგალურად მიმდინარეობდა სამაგიდო აზარტული თამაშები, ხოლო მეორე შემთხვევაში ინტერნეტის მეშვეობით საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ-კაზინოების ვებ-გვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ობიექტებს ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შეეტანათ დაახლოებით 350 ათასი ლარი.
გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.