თბილისში სადისტრიბუციო ავტომობილებს პარკირების ადგილი ექნებათ

თბილისში 550-ზე მეტი სპეციალური ადგილია განსაზღვრული, რომლებიც სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის გამოიყოფა.
Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი ავტომობილებისთვის თბილისში პარკირების სპეციალური ადგილები გამოიყოფა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, ეს ინიციატივა გადაწყვეტს პრობლემას, რომელიც უკავშირდება ქალაქში სადისტრიბუციო ავტომობილების გადაადგილებას.
კალაძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. თბილისში განისაზღვრა 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი, რომლებიც დაეთმობა სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს.
პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება, აღნიშნა კალაძემ. ქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ ამ პროექტის განხორციელება გააუმჯობესებს ავტომობილების მოძრაობას თბილისში, რადგან სადისტრიბუციო მანქანები ხშირად მოუხერხებელ ადგილებზე ჩერდებიან და ავტოტრანსპორტის თავისუფლად გადაადგილებას უშლიან ხელს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს