როდის აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე?

დედაქალაქის მერია საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.
Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე და საახალწლო ილუმინაციები 9 დეკემბერს აინთება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, თარიღი შეიძლება შეიცვალოს, თუ 9 დეკემბერს ცუდი ამინდი იქნება. ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას უწყება საზოგადოებას მიაწვდის.

„გადაწყვეტილი გვაქვს, რომ 9 დეკემბერს განათდეს დედაქალაქი საახალწლო ილუმინაციებით. მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფელი, სადაც ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. ამასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებას“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქის საახალწლო სლოგანი იქნება „მშვიდობის ქალაქი".