მსოფლიო დღეს

აშშ-ის სენატმა ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაიცვა: კანონპროექტი მიღებულია

Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი − Sputnik. აშშ-ის სენატმა მოიწონა კანონპროექტი სახელწოდებით „აქტი ქორწინების პატივისცემის შესახებ“, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე უფლებებს იცავს, იუწყება CNN.
გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი ყველა დემოკრატმა სენატორმა და 12-მა რესპუბლიკელმა (ჯამში 61-მა) დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 36 სენატორი.
ახლა კანონპროექტი კვლავ წარმომადგენელთა პალატას დაუბრუნდება დასამტკიცებლად. როგორც ქვედა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, კონგრესი „აქტს“ მომავალ კვირაში დაამტკიცებს, რის შემდეგაც ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.
აღინიშნება, რომ დემოკრატები კანონის მიღებას წლის ბოლომდე გეგმავენ. მათი აჩქარება იმითაა განპირობებული, რომ იანვრიდან, ცოტა ხნის წინანდელი შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, კონგრესის შემადგენლობა იცვლება და წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელების ხელში გადადის.
განიმარტება, რომ ახალი კანონპროექტი ავალდებულებს ამერიკის ყველა შტატს – აღიაროს სხვა შტატში გაფორმებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონკრეტულ შტატში ამგვარი კავშირი კანონით დაშვებული არ არის.
„აქტის“ ავტორების ჩანაფიქრით, აღნიშნულმა სიახლემ უნდა შეცვალოს 1996 წელს მიღებული ფედერალური „აქტი ქორწინების დაცვის შესახებ“, რომელშიც ქორწინება „ერთ ქალსა და ერთ მამაკაცს შორის კავშირადაა“ განსაზღვრული.
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 2015 წელს ფაქტობრივად მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინება. მაგრამ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამი ახალი კონსერვატორი მოსამართლე დანიშნა უზენაეს სასამართლოში, გაჩნდა საშიშროება, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება − როგორც ეს აბორტზე კონსტიტუციური უფლების შემთხვევაში მოხდა ცოტა ხნის წინ. ასეთ შემთხვევაში ჰომოსექსუალისტების დაცვას სწორედ „ქორწინების პატივისცემის აქტი“ შეძლებს.
წყარო: CNN