მსოფლიო დღეს

შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა რუსული „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს

Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესაძლებლობაზე მსჯელობს, იუწყება ავტორიტეტული გამოცემა Bloomberg ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროების ცნობით, ამ გზით ვაშინგტონი უკრაინაში სამხედრო კომპანიის წევრების რაოდენობის შემცირებას აპირებს.
არსებული ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, შეერთებულ შტატებს მიეცემა შესაძლებლობა, წამოიწყოს მისი წევრების სისხლის სამართლის დევნა და ამასთან ყადაღა დაადოს მათ აქტივებს მთელ მსოფლიოში.
გავრცელებული ინფორმაციით, „ვაგნერი“, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობს კონფლიქტის დაწყების დღიდან, თავის რიგებს რუსეთის ციხეებში მყოფი პატიმრებით ავსებს.
კერძო სამხედრო კომპანიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, რომელმაც „ვაგნერი“ 2014 წელს ჩამოაყალიბა, რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირია. ამ დროისათვის პრიგოჟინი უკვე შესულია აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქციების სიებში. გარდა ამისა, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ რამდენიმე დღის წინ მასზე ძებნა გამოაცხადა და 250 ათასი დოლარი დააწესა ჯილდოდ იმ ინფორმაციისთვის, რომელიც მის დაპატიმრებას შეუწყობს ხელს.