თბილისი, 29 ნოემბერი − Sputnik. მოსკოვმა მტკიცე პროტესტი გამოუცხადა ვატიკანს მას შემდეგ, რაც რომის პაპმა ფრანცისკმა ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ჩეჩნები და ბურიატები განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ვატიკანში რუსეთის ელჩ ალექსანდრ ავდეევზე დაყრდნობით.
„მე აღშფოთება გამოვთქვი ასეთი ინსინუაციებით და აღვნიშნე, რომ მრავალეროვანი რუსეთის ხალხების ერთსულოვნებასა და ერთიანობას ვერაფერი შეარყევს“, − აღნიშნა დიპლომატმა.
მისი თქმით, პაპისადმი პროტესტის გადასაცემად ვატიკანის დიპლომატიურ სამსახურს ის გუშინ საღამოსვე ეწვია.
მანამდე რომის პაპმა იეზუიტური ორდენის ჟურნალ Amerika-ს ინტერვიუ მისცა, რა დროსაც განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსულ არმიაში ჩეჩნები, ბურიატები და სხვები, „ვინც რუსულ ტრადიციებს არ მიეკუთვნებიან“, როგორც წესი, „ყველაზე დიდ სისასტიკეს იჩენენ“ უკრაინაში.
ბურიატიის ხელმძღვანელმა ალექსეი ციდენოვმა პაპის ეს გამონათქვამი „მინიმუმ უცნაურად“ შეაფასა, ხოლო ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო კავშირებისა და ინფორმაციის მინისტრმა ახმედ დუდაევმა განაცხადა, რომ რომის პაპის სიტყვები − ეს არის რეაქცია მსოფლიო ლგბტ-ლობის წინააღმდეგ „კადიროვისა და მისი გუნდის ულტიმატურ პოზიციაზე“.