თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა, რომელიც საერთაშორისო ტურნირებზე გამარჯვებას აგრძელებს, იტალიური „ნაპოლის" ქართველი ლეგიონერის ხვიჩა კვარაცხელიასგან საჩუქრად მაისური მიიღო.
„ჩემი ორი საყვარელი ფეხბურთელის – მესის და კვარას მაისურები მაქვს! წარმატებები კვარას“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა საჩუქრის მიღებისას.
კვარაცხელიამ მაისურს ლამაზი წარწერა გაუკეთა: „ქართული ჭადრაკის დედოფალს ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს".
გასული წლის ივნისში, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონსა და საჭადრაკო ოლიმპიადის თერთმეტგზის გამარჯვებულს ესპანეთის „ბარსელონისა" და არგენტინის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ მაისური გამოუგზავნა საკუთარი ავტოგრაფით – „ნონა, გილოცავ დაბადების დღეს – ლეო მესი“.
იმის შესახებ, რომ ნონა გაფრინდაშვილი ზოგადად ფეხბურთის და, კერძოდ, მისი დიდი თაყვანისმცემელია, მესიმ ფიდეს ხელმძღვანელობისგან გაიგო. სიურპრიზის ინიციატორი ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი გახდა.
ამ დღეებში ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა.