„ეს მოსახლეობის დაცინვაა“ - ალეკო ელისაშვილმა წყალმომარაგების პრობლემაზე ისაუბრა

დეპუტატი ითხოვს, რომ წყალგამანაწილებელ კომპანიას ვინმემ პასუხი მოსთხოვოს.
Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power (GWP) აწამებს და აბუჩად იგდებს თბილისელებს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.
როგორც ოპოზიციონერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დაუშვებელია, რომ GWP ასე იქცეოდეს – პერიოდულად წყვეტდეს წყალმომარაგებას სხვადასხვა რაიონში. დეპუტატმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას მიმართა თხოვნით, კომპანიას ანგარიში მოსთხოვოს.

„ეს თემა ყველას გვაწუხებს თბილისში. ეს არის კომპანია, რომელსაც ევალება თბილისის წყლით მომარაგება და სინამდვილეში მოსახლეობის აბუჩად აგდებით არის დაკავებული... რამდენჯერ გადაიყიდა ეს კომპანია, ბოლოს ვინ იყიდა, არ ვიცი, მაგრამ პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება, პატივისცემა ქალაქის მოსახლეობის საერთოდ არ ჩანს ამ კომპანიისგან“, – განაცხადა ელისაშვილმა.

დეპუტატმა უკმაყოფილება იმის გამოც გამოთქვა, რომ არც ქალაქის მერს, არც საკრებულოს, რომელსაც ამის უფლებამოსილება გააჩნია, არ დაუბარებიათ კომპანიის ხელმძღვანელობა და ანგარიში არ მოუთხოვიათ.
ამასთან ელისაშვილმა აღნიშნა, რომ არსებული კანონის მიხედვით, ეს კომპანია ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წინაშე ანგარიშვალდებულია.
„მინდა ამ კომისიას მივმართო, დაიბარონ, დაგვენახონ მაინც, ვინ არიან ჩვენი მწამებლები და გვითხრან, რა გეგმა აქვთ ერთი წლის, ხუთი წლის განმავლობაში, აქვთ თუ არა ანგარიშვალდებულების ნატამალი ქალაქის მოსახლეობის წინაშე. ხომ არ შეიძლება, ყოველ წამს ველოდოთ მესიჯს ან უმესიჯოდ მივდიოდეთ სახლში და წყალი არ იყოს?!“ – აღნიშნა დეპუტატმა.
მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის წყალმომარაგების ქსელი საშინელ მდგომარეობაშია, ხშირად ხდება ავარიები. თბილისის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ GWP ვალდებულია რეაგირება მოახდინოს და პრობლემები მოაგვაროს.
წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზად, რასაც თითქმის ყოველდღიურად აქვს ადგილი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, ასახელებენ ან ავარიას წყალსადენზე, ან წყალსატუმბ სადგურებზე ელექტროსისტემის დაზიანებას, ხშირად ეს ხდება ე.წ. გადაერთების სამუშაოების გამო.