თბილისი, 28 ნოემბერი − Sputnik. მოსკოვი არ აპირებს ენერგოდარიდან და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან თავისი სამხედრო ძალების გამოყვანას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
როგორც მანამდე, 27 ნოემბერს განაცხადა უკრაინული „ენერგოატომის“ პრეზიდენტმა პეტრო კოტინმა ტელემარათონის ეთერში, ბოლო დროს გაჩნდა ისეთი ნიშნები, რომლებიც ზაპოროჟიეს სადგურიდან რუსი სამხედროების გასვლისთვის სამზადისს ჰგავს.
„საჭირო არ არის რაღაც ნიშნების ძიება იქ, სადაც ისინი არ არის და არც შეიძლება იყოს“, − ასე უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას უკრაინული მხარის განცხადებაზე კომენტარი სთხოვეს.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაცია ფეიკად შეაფასა ენერგოდარის ადმინისტრაციამაც, სადაც განაცხადეს, რომ ზაპოროჟიეს სადგური რუსეთის კონტროლქვეშ რჩება, და რომ სადგურის თანამშრომლები ახალ შრომით ხელშეკრულებებსა და რუსეთის პასპორტებს აფორმებენ.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, ქალაქ ენერგოდართან მდებარეობს. ბლოკების მიხედვით ეს ევროპაში ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ატომური ელექტროსადგურია. რუსი სამხედროები სადგურზე მიმდინარე წლის მარტიდან იმყოფებიან. როგორც მოსკოვი აცხადებს, ეს აუცილებელია ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.