ილია მეორე: გააძლიერეთ ლოცვა და ხშირად ეზიარეთ

პატრიარქმა ისურვა, რომ უფალმა მშვიდობის მარხვა და სიხარულის შობა გაუთენოს სრულიად საქართველოს და მსოფლიოს.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც პატრიარქი მორწმუნეებს მოუწოდებს, მეტი ილოცონ და ხშირად ეზიარონ საშობაო მარხვის პერიოდში.
საშობაო მარხვა 28 ნოემბერს დაიწყო და 7 იანვრამდე გაგრძელდება. პატრიარქის თქმით, ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც მართლმადიდებლები ემზადებიან, რომ უდიდეს დღესასწაულს – ქრისტეს შობას განწმენდილი შეხვდნენ.

„გააძლიერეთ ლოცვა (ყოველდღიური კანონის გარდა, ხშირად თქვით „მოწყალებისა კარი განგვიღე…“ და იკითხეთ სახარება) და ეცადეთ, ყოველ კვირა და დღესასწაულის დღეებში ეზიაროთ“, – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

ილია მეორემ დალოცა მრევლი და ისურვა, რომ ღმერთმა სრულიად საქართველოს და მსოფლიოს მშვიდობის მარხვა და სიხარულის შობა გაუთენოს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს