თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი ქალთა მკვლელობები ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემად დაასახელა.
რამდენიმე დღის წინ საქართველო შემზარავმა მკვლელობამ შოკში ჩააგდო. თერჯოლაში ახალგაზრდა ქალი ფემიციდის მსხვერპლი გახდა. ყოფილმა ქმარმა შერიგებაზე უარის შემდეგ ქალის მოკვლა გადაწყვიტა. ის შეუვარდა ქალს მაღაზიაში, სადაც ის მენეჯერად მუშაობდა, ჩაკეტა კაბინეტში და ცეცხლი წაუკიდა. მეორე დღეს საავადმყოფოში მკვლელიც გარდაიცვალა.
შაბათს კი საქართველოში კიდევ ერთი საზარელი ამბავი მოხდა. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ორი პირი თავს დაესხა ხანდაზმულ მონაზონს და ძალადობის მუქარით მოსთხოვა ფული და ძვირფასეულობა. უარის შემდეგ მათ ის ჯგუფურად გაუპატიურეს და სასტიკად სცემეს. ქალი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„ჩვენი სოციალური პრობლემებიდან ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძაფრია, რომელიც არსებობს დღეს და ამას უნდა მივხედოთ, არა მხოლოდ განცხადებებით და სიტყვიერად, არამედ კანონმდებლობით. საჭიროა, მიღებულ იქნას ახალი, ბევრად მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც ისე დაადგენს ამის კრიმინალიზაციას, რომ ამ კუთხით უკვე ნამდვილად პრევენციული ზომები იქნება მიღებული“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს „პირველ არხს“.
2014 წლიდან 2022 წლის აგვისტომდე საქართველოში 186 ქალი მოკლეს და 129 მკვლელობის მცდელობა მოხდა. პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.