თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს საპატრიარქო ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საზარელი შემთხვევა 25 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის მუქარით მოსთხოვა ფული და ძვირფასეულობა. უარის მიღების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები მასში მოთავსებული ფულით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ ფაქტი უმკაცრეს შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს. მათივე განცხადებით, სამწუხაროა, რომ მასმედიით მოხდა მონაზვნის იდენტიფიცირება.
„ა.წ. 26 ნოემბრის ღამეს ხაშურში ჩადენილი შემაძრწუნებელი ფაქტი როგორც ჩვენგან, ისე საზოგადოებისგან უმკაცრეს შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს. სამწუხაროა, რომ მასმედიით მოხდა მონაზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და ამ დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც… რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქო მოსახლეობას ტრაგედიის გაზიარებისთვის მადლობას უხდის.
„გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით დიდი გულისტკივილის გამოხატვისა და ჩვენი მწუხარების გაზიარებისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქოში ასევე იმედოვნებენ, რომ „ობიექტური გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი“.
მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი, 27 და 39 წლის მამაკაცები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) მუხლებით წარედგინათ.
მონაზონი თავდაპირველად ხაშურის ერთ-ერთი საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო საჭირო გახდა მისი თბილისში გადაყვანა. პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, კავკასიის მედიცინის ცენტრში მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
წყარო - საპატრიარქო