ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის კლუბურ ჩემპიონატზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა სერბეთის „ცრვენა ზვეზდა“ ანგარიშით 3:2 დაამარცხეს
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ქართულმა კლუბმა „მებრძოლმა“ გორის საერთაშორისო კლუბურ ტურნირზე, რომელსაც ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგა ეწოდება, პირველი ადგილი დაიკავა, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
წლის მთავარი საკლუბო ტურნირი გორში 26 ნოემბერს გაიმართა. ის შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირში მონაწილეობდა 15 საუკეთესო ევროპული მამაკაცთა და ქალთა კლუბი.
ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა სერბეთის „ცრვენა ზვეზდას“ ანგარიშით 3:2 მოუგეს. თბილისურმა კლუბმა მეოთხედფინალში ჯერ ლეგენდარული ტედი რინერის ფრანგული კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ 4:1 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ასეთივე ანგარიშით ქართულ კლუბ „გოლდენ გორს“ მოუგო.
პირველი ადგილისთვის დაპირისპირებაში გამარჯვებები მოიპოვეს – ტატო გრიგალაშვილმა (81კგ), ბაგრატ ნინიაშვილმა (66) და გურამ თუშიშვილმა (+90).
ტურნირზე მოასპარეზე კიდევ ორი ქართული კლუბი - „არეა“ და „გოლდენ გორი“ ერთმანეთს ბრინჯაოს მედლისთვის დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება უფრო გამოცდილმა გორელებმა 3:2 მოიპოვეს. გადამწყვეტი ორთაბრძოლა ლუკა მაისურაძემ მოიგო (90კგ).
ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე მამაკაცთა რვა კლუბიდან სამი იყო ქართული, ორი – ფრანგული, თითო-თითო – სერბული, ესპანური და ბერძნული. შეჯიბრება ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართა – 66, -73, -81, -90, +90 კგ.