განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს სასჯელის სახით 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურებისა და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა 25 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის მუქარით მოსთხოვა ფული და ძვირფასეულობა.
„უარის მიღების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, კვლავ სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები მასში მოთავსებული ფულით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი, 27 და 39 წლის მამაკაცები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) მუხლებით წარედგინათ.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მონაზონი თავდაპირველად ხაშურის ერთ-ერთი საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო საჭირო გახდა მისი თბილისში გადაყვანა. პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, კავკასიის მედიცინის ცენტრში მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
წყარო - პროკურატურა