ნონა გაფრინდაშვილი ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია

გაფრინდაშვილმა 7 ქულა დააგროვა. მან ოთხი პარტია მოიგო და ექვსი შეხვედრა ყაიმით დაასრულა.
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა 65 წელზე უფროსი ასაკის ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატში მერვედ გაიმარჯვა.
FIDE-ს ეგიდით რიგით მე-13 მსოფლიო ჩემპიონატი ვეტერან-მოჭადრაკეებს შორის იტალიის ქალაქ ასიზიში 15 ნოემბერს დაიწყო. შეჯიბრება 11 ტურს მოიცავს და შვეიცარიული სისტემით იმართება. ჩემპიონატი გუშინ, 26 ნოემბერს დასრულდა.
„ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ, მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის! აღსანიშნავია, რომ ჩვენი ლეგენდა ასევე თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში“, - ნათქვამია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადებაში.
გაფრინდაშვილმა 7 ქულა დააგროვა. მან ოთხი პარტია მოიგო და ექვსი შეხვედრა ყაიმით დაასრულა.
მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა კიდევ ორმა ქართველმა დიდოსტატმა. ევროპის ჩემპიონმა სენიორ (+50) მოჭადრაკეთა შორის სოფიკო ტერელიძემ 7,5 ქულით პირველი ადგილი გაიყო ლუქსემბურგის წარმომადგენელთან. ელვირა ბერენდთან ერთად. საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა სენიორ (+50) მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.