რა სიახლეები ელის ქართველ მეფუტკრეებს 2023 წლიდან

საქართველოში საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაცია FAO-ს მხარდაჭერით უფასოდ განხორციელდება
Sputnik
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. მეფუტკრეები 2023 წლიდან იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესში ჩაერთვებიან, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
უწყების ინფორმაციით, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ხელს უწყობს ცხოველური წარმოშობის პროდუქტის მიკვლევადობის სისტემის დანერგვას, რაც სურსათის უვნებლობის ჯაჭვში უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს.
სურსათის ეროვნული სააგენტო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, უსასყიდლოდ უზრუნველყოფს საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციას.
საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაციისთვის ფერმერებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ/მუნიციპალურ ოფისებს უნდა მიმართონ.
ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, მომზადდა შესაბამისი საინფორმაციო მასალა. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის წარმომადგენლები მეფუტკრე ფერმერებთან რეგულარულ შეხვედრებს მართავენ.
იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესი მნიშვნელოვანია ასევე იმ კუთხითაც, რომ ფერმერებს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ და ისარგებლონ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით, აწარმოონ კონკურენტუნარიანი პროდუქცია და შეუფერხებლად მოახდინონ მისი რეალიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.
როდის რომელი თაფლი ჯობს: თვისებები და ამოსაცნობი ნიშნები >>
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს სხვადასხვა ბაზარზე 173 ტონა ქართული თაფლი გავიდა, მათ შორის 143 ტონა (80%-ზე მეტი) ევროპის ქვეყნებშია ექსპორტირებული.
საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტი ნებადართულია 2016 წლიდან.
ქართული თაფლის ექსპორტი ასევე აშშ–ში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში ხორციელდება.
საქართველო - თაფლის სამშობლოც?!>>
ქართული თაფლი, ჩინურ და არგენტინულ თაფლთან შედარებით, გაცილებით ძვირია. იგი გამოირჩევა გემოვნური და სასარგებლო თვისებებით.
საქართველოში აწარმოებენ მონოფლორალურ თაფლს, ალპური ზონის თაფლს, რომელიც ძვირადღირებული პროდუქტია.