ნამდვილი ამბავი: სტიუარდესამ 14 წლის გოგონა სექსუალურ მონობას გადაარჩინა

თვითმფრინავების სტიუარდესების მიერ უჩვეულო ვითარებაში გამოჩენილ გონიერებაზე, მამაცობასა და თავგანწირვაზე არაერთი ისტორია გვსმენია. ამბავი, რომელსაც ქვემოთ გიამბობთ, სწორედ ამ ჟანრიდანაა.
Sputnik
შელია ფრედერიკი ავიაკომპანია Alaska Airlines-ის სტიუარდესაა. ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს სან-ფრანცისკოსკენ მიმავალი ჩვეულებრივი რეისი მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა.
თვითმფრინავის სალონში კარგად ჩაცმული მამაკაცის გვერდით 14-15 წლის ქერა გოგონა იჯდა, რაღაცნაირად მოუწესრიგებელი. შელიამ სავარძლების მწკრივი ჩაიარა და ბავშვის დაჟინებული მზერა შენიშნა. სტიუარდესა წყვილს მიუახლოვდა და მამაკაცს გამოელაპარაკა. შელიამ იგრძნო, რომ რაღაც ხდებოდა, რაღაც ისე არ იყო, მაგრამ გოგონასთან გამოლაპარაკება მამაკაცის თანდასწრებით არ შეეძლო.
ამიტომ გამოსავალი მოძებნა. ტუალეტში შევიდა და იქ ფურცელი და კალამი დატოვა. შემდეგ სალონში დაბრუნდა და გოგონას ფრთხილად ანიშნა თვალით ტუალეტისკენ.
ცოტა ხნის შემდეგ, როცა გოგონა საპირფარეშოდან დაბრუნდა, შელია შესამოწმებლად შევიდა და ფურცელზე სამად-სამი სიტყვა აღმოაჩინა: I need help (დახმარება მჭირდება).
სტიუარდესამ მომხდარი სასწრაფოდ შეატყობინა ხომალდის კაპიტანს, რომელიც სან-ფრანცისკოს აეროპორტს დაუკავშირდა და თვითმფრინავის ტრაპთან პოლიცია გამოიძახა.
როდესაც თვითმფრინავი აეროპორტში დაჯდა, პოლიციამ მამაკაცი დააკავა. შელიას წყალობით გადარჩენილი 14 წლის ბავშვი ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოჩნდა, რომელიც დამნაშავეთა ჯგუფს ორი თვის წინ გაეტაცებინა...
მომხდარიდან რამდენიმე კვირის შემდეგ შელიას ტელეფონმა დარეკა. ეს მისი გადარჩენილი ბავშვი იყო, მადლობა, რომ სიცოცხლე მაჩუქეთო, უთხრა სტიუარდესას. გოგონა მშობლებთან დაებრუნებინათ და ფსიქოლოგიური დახმარების კურსს გადიოდა.
ამ ამბის შემდეგ შელია ფრედერიკი ორგანიზაცია Airline Ambassadors International-ის წევრი გახდა, რომელიც 2009 წელს ასევე ყოფილმა სტიუარდესამ ნენსი რივარდმა ჩამოაყალიბა და რომელიც ბორტგამცილებლებს მგზავრებში ტრეფიკინგის მსხვერპლთა ამოცნობას ასწავლის.