„ქართული ოცნების" დეპუტატი: საქართველოს პრეზიდენტი არაადეკვატურია

Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს იმეორებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს.

„ბოლო დროს ქალბატონი სალომე ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ მცდელობა აქვს „ნაცების“ ნარატივს მოერგოს... მიუხედავად იმისა, რომ თქვა „არა და არასდროს“, არ გამოვრიცხავ (შეწყალებას)“, – განაცხადა ზარქუამ ჟურნალისტებთან.

24 ნოემბერს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ იქნება ექსპერტების შესაბამისი დასკვნა. კიდევ უფრო ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეები სასამართლო განხილვის სტადიაზეა და ამიტომ მისი შეწყალება არ შეუძლია.
სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული ხუთი საქმიდან განაჩენი მხოლოდ ორზეა გამოტანილი. დანარჩენებს ისევ პირველი ინსტანციის სასამართლო განიხილავს.
„ჩვენი პოზიცია მარტივია: არ აქვს მნიშვნელობა, ამა თუ იმ პიროვნებას საზოგადოებაში რა სტატუსი აქვს. თუ მას დანაშაული აქვს ჩადენილი, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. საუბარი მაქვს პატიმარ სააკაშვილზე“, – განაცხადა ზარქუამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივის კონტექსტში დეპუტატმა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადრე გაკეთებული განცხადება გაიხსენა.

„იმ დღეს ვუსმენდი და გავოგნდი. მან თქვა, რომ რუსები საქართველოში ვაგონებით ჩამოვიდნენ. ვაგონი სად ნახა? ეს ადამიანი არის არაადეკვატურობა, მეტი არაფერი“, – განაცხადა ზარქუამ.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ არაერთხელ განაცხადა საქართველოში რუსების მასობრივი და უკონტროლო შემოდინების თაობაზე, რაც, მათი თქმით, საფრთხეს უქმნის ქვეყანას. ზოგიერთმა მათგანმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება მოითხოვა.
ბოლო მონაცემებით, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ საქართველოში დამატებით რუსეთის 100 ათასზე მეტი ისეთი მოქალაქე შემოვიდა, რომელიც აქ დარჩა.