თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. მარნეულში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 23 ნოემბერს მარნეულში „ლენდ-როვერის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა გამოიჩინა უყურადღებობა, ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ქვეითთა გადასასვლელზე ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა.
მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.