თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სამეგრელოს, აჭარის, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის 36 მუნიციპალიტეტში ჩაატარეს.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
სააგენტოს ცნობით, სულ დამუშავდა 251.108 ჰექტრამდე ფართობი, მათ შორის: თერმული ნისლით – 167.320 ჰექტარი მიწა, ცივი შესხურებით – 53.273 ჰექტარი სიმინდის მასივი, 30.515 ჰექტარი სოფლისა და ტყის პერიმეტრი.
მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული იყო 250 ერთეულამდე სპეცტექნიკა.
„მიღწეულია ძირითადი ამოცანა, რომელიც განსაზღვრული იყო სახელმწიფო პროგრამით – მინიმუმამდე დაგვეყვანა ფაროსანას მიერ გამოწვეული ზარალი და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება. დასავლეთ საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიებები განხორციელდა", – განაცხადა სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ.
მისი თქმით, გარემოზე ქიმიური პრეპარატების დატვირთვის შემცირების მიზნით გამოყენებული იყო სპეციალური სადგურების ტექნოლოგია. თერმული ნისლით წამლობის პროცესში სრულად იყო გათვალისწინებული ფუტკრის დაცვის წესები.
სადგურები განთავსდა ტყის პერიმეტრებზე, სოფლის შიდა გზებსა და საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ. სულ დამონტაჟდა 86.491 ფერომონი.
ფერომონიანი დამჭერი აზიური ფაროსანასგან სხვადასხვა სახეობის მცენარის დასაცავად გამოიყენება. ამ კონსტრუქციებს არ ახასიათებს უსიამოვნო სუნი და არაა ტოქსიკური.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.