ნატალია დემბინსკაია
ევროკავშირი ჯიუტად ცდილობს რუსულ რესურსებზე ფასების ლიმიტების დაწესებას. ერთი მხრივ, საჭიროა მოსკოვის დატოვება შემოსავლების გარეშე, მეორე მხრივ - საკუთარი ენერგოსისტემის მომარაგება. ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებამ ყველა გააკვირვა: ზედა ზღვარი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ზოგი აღშფოთდა, ზოგს კი გაეცინა.
ზედა ზღვარი
ფასების შეზღუდვაზე დასავლეთის ქვეყნების ლიდერები ჯერ კიდევ ივნისში G7-ის სამიტზე შეთანხმდნენ. დეკემბრიდან ამოქმედდება ლიმიტები ნავთობზე, თებერვლიდან - ნავთობპროდუქტებზე. გაზის საკითხი ჯერ გასარკვევია.
მაგრამ ევროკომისიამ უკვე წამოაყენა წინადადება - მეგავატ/სთ 275 ევრო ვირტუალურ ჰაბზე Title Transfer Facility (TTF).
„ეს პანაცეა არ არის, - აღნიშნა ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა. - მაგრამ გვაძლევს მძლავრ ინსტრუმენტს, რომელსაც აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიყენებთ“.
დოკუმენტი აზუსტებს, რომ მექანიზმი ამოქმედდება ორი პირობის ერთდროულად შესრულების შემთხვევაში. პირველი: TTF-ის დერივატის საანგარიშო ერთი თვის ფასი აღემატება მეგავატ/სთ-ისთვის 275 ევროს ორი კვირის განმავლობაში. მეორე: აღნიშნული მაჩვენებელი თხევადი აირის საბაზისო ფასზე მაღალია ზედიზედ ათი სავაჭრო დღე ორი კვირის განმავლობაში.
ეს ნიშნავს კონტრაქტის მიხედვით ერთი თვით ადრე დაახლოებით 3000 დოლარიან ლიმიტს 1000 კუბომეტრი გაზისთვის.
„სისულელეა“
გადაწყვეტილებამ კრიტიკის ქარცეცხლი გამოიწვია: ზღვარი ორჯერ აღემატება მიმდინარე ფასებს, თუმცა კი ნაკლებია ზაფხულის პიკებზე.
„ეს ხუმრობაა. ეს არავითარ სარგებელს არ მოიტანს აგვისტოში მომხდარი ექსტრემალური სცენარის პირობებშიც კი. სისულელეა, შეზღუდვა კი არა“, - აღშფოთდა ბრიუსელის ანალიტიკური ცენტრის Bruegel-ის მეცნიერ-თანამშრომელი სიმონა ტალიაპეტრა.
აგვისტოში „ჩრდილოეთის ნაკადით“ მიწოდების შეწყვეტის შემდეგ ლონდონის ბირჟაზე ICE-ზე მგვტ/სთ-ის ფასი 300 ევრომდე ავარდა. მაგრამ მხოლოდ ერთი კვირით.
გერმანიაში ახსნეს: „დეკორატიული ზედა ზღვარი“ - ესაა პოლიტიკური ნაბიჯია, აუცილებელი უთანხმოების შესამცირებლად. ანუ ბრიუსელმა რეაგირება მოახდინა ფასების რეგულირების მოთხოვნაზეც და საბაზრო სისტემაში არჩარევის მოწოდებაზეც.
„დავა სულ უფრო მწვავდება. ბელგია, საბერძნეთი, იტალია და პოლონეთი იმუქრებიან გაზის ბაზართან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილებების დაბლოკვით ენერგეტიკის მინისტრთა შეხვედრაზე“, - წერს Die Welt.
ზედა ზღვარს მხარს უჭერს ევროკავშირის სულ მცირე 15 ქვეყანა, მათ შორის, ესპანეთი და საბერძნეთი. გათვლაა, შეამცირონ სამომხმარებლო ფასები ზამთარში და თავიდან აიცილონ სოციალური მღელვარება. გერმანია, ნიდერლანდები და დანია პირიქით ფიქრობენ, რომ შეზღუდვა მხოლოდ გაზის მოხმარების გაზრდას გამოიწვევს, ტრეიდერები კი ხელმეორედ გაყიდვით დაკავდებიან.
„სასოწარკვეთილების ჟესტი“
არის კიდევ ერთი მიზეზი: გაზის საკითხში რუსეთზე ძლიერ დამოკიდებულება . საჭიროა ზომების მიღება, რათა დაცული იყოს საწარმოები და შინაური მეურნეობები ენერგორესურსების გაძვირებისგან, მაგრამ ისე, რომ გაზის გარეშე არ დარჩნენ.
„შეზღუდვები ისეა ფორმულირებული, რომ მათი ალბათობა მინიმალური იყოს. ევროკომისია უარს ვერ იტყოდა პოლიტიკურ-იდეოლოგიური მოსაზრებებით. ამიტომ მოიგონეს მექანიზმი, რომლის ხორცშესხმაც გარემოებათა ფანტასტიკური დამთხვევის შემთხვევაშია შესაძლებელი. მექანიზმი არის, ზედა ზღვარი კი - არა“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი ალექსეი გრივაჩი.
ცისფერი საწვავის მარაგითა და ამერიკული თხევადი აირით ევროპელები ზამთარს ასე თუ ისე გადააგორებენ. მაგრამ მორიგი გამწვავება მოსკოვთან ახლანდელ ვითარებაში არაფერში სჭირდებათ.
არც ცხელა, არც ცივა
რუსეთს ასეთი ბუტაფორია პრობლემებს ვერ შეუქმნის.
„ერთი თვით ადრე გაფორმებულ კონტრაქტს მრავალ გრძელვადიან შეთანხმებაში იყენებენ, როგორც ფასის ინდიკატორს. და თუ მექანიზმი მაინც გააქტიურდება, მიწოდება შეიძლება შეწყდეს“, - ამბობს ექსპერტი ალექსეი გრივაჩი. მაგრამ ეს წმინდა წყლის თეორიაა, ვინაიდან ლიმიტი მეტისმეტად მაღალია.
ევროპაში, როგორც ჩანს, უკვე აცნობიერებენ, რომ ვერავითარი ზედა ზღვარით სიტუაციას ვერ შეცვლიან: გაზის შეძენა ნებისმიერ შემთხვევაში საბაზრო ფასად მოუწევთ.
ნავთობზე ჯერ კიდევ ფიქრობენ. Bloomberg-ის მონაცემებით, იხილავენ ერთ ბარელში 65-70 დოლარს. მაგრამ რისკი აქაცაა: ლიმიტი შეესატყვისება საშუალო ისტორიულ მნიშვნელობას. ვინაიდან რუსეთი უკვე ყიდის ფასდაკლებით, მსგავსი შეზღუდვები ვაჭრობაზე პრაქტიკულად არ იქონიებს გავლენას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე