მეუფე შიო: საქართველოს ისტორია ჰგავს წმინდა გიორგის ცხოვრებას

გიორგობა სახელმწიფო დღესასწაული და ოფიციალური უქმე დღეა.
Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში მორწმუნეებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას მეუფე შიომ მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორია ჰგავს წმინდა გიორგის ცხოვრებას – მიუხედავად მრავალი შეცდომისა, ქვეყანა ყოველთვის ეკლესიის ერთგული იყო. მან ტაძარში შეკრებილთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დალოცვა გადასცა.

„წმინდა გიორგისთვის იესო ქრისტე იყო ერთადერთი გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება, მან არ იცოდა სხვა გზა, არ უნდოდა სხვა გზით სიარული და ვერაფერმა შეაშინა და დააბრკოლა“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

მისი თქმით, საქართველოში განსაკუთრებით უყვართ წმინდა გიორგი, იგი, როგორც ქვეყნის სიმბოლო, სახელმწიფო გერბზეცაა გამოსახული.
„კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღესასწაულს. წმინდა გიორგიმ დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ოჯახები, წმინდა გიორგიმ დალოცოს ჩვენი სამშობლო“, – აღნიშნა მეუფე შიომ.
როგორც მეუფემ განაცხადა, 23 ნოემბერს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა აღნიშნება. ამ დღეს აკურთხეს სამების საკათედრო ტაძარი.
დღეს საქართველოში გიორგობას ზეიმობენ>>>
„მინდა თქვენთან ერთად დღევანდელი დღე განსაკუთრებით მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს. ეს შესანიშნავი ტაძარი არის მისი მრავალმხრივი ღვაწლის ერთ-ერთი უდიდესი გამოვლინება. არ არის შემთხვევითი, რომ მან ეს ტაძარი სწორედ გიორგობა დღეს აკურთხა“, – განაცხადა მეუფემ.
საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს ზეიმობენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი — თავის კვეთას და ამ დღეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს.
გიორგობა სახელმწიფო დღესასწაული და ოფიციალური უქმე დღეა.