თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „არანორმალური“ უწოდა ფაქტს, რომ მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაესწრნენ.
„რეგიონების კვირეული“ საქართველოში 21 ნოემბერს „სვანეთის დღეებით“ დაიწყო. ღონისძიების გახსნის ცერემონია ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. ღონისძიების გამართვის ინიციატორია სალომე ზურაბიშვილი. სვანეთისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამ დღეს გაგრძელდება.
„ეს არ არის ნორმალური... არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან, შიდა პოლიტიკასთან. აქ რეგიონების წარმომადგენლებისთვის არანაირი მოთხოვნა არ იყო და იყო სრული თავისუფლება. მე ძალიან მიკვირს, რომ რეგიონის ოფიციალური პირებიდან ან არავინ წამოვიდა, ან ვერ გაბედა წამოსვლა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღონისძიებას არ ესწრებოდა აგრეთვე არცერთი თბილისელი ჩინოვნიკი, რომელიც დაინტერესებული უნდა იყოს რეგიონების განვითარებით.
„თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
სახელმწიფოს მეთაური დარწმუნებულია, რომ მიუხედავად ზემოთქმულისა, „რეგიონების კვირეულის“ სამი დღე მრავალფეროვანი იქნება.
„სვანეთის დღეების“ ფარგლებში კულტურული პროგრამის პარალელურად გაიმართება პანელური დისკუსიები თვითმმართველობის, ენერგეტიკის, ეკონომიკური პოტენციალისა და რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.