თავაზიანად და უკონფლიქტოდ: როგორ ავისხლიტოთ უხერხული კითხვები

ალბათ ბევრი თქვენგანისთვის დაუსვამთ ისეთი შეუფერებელი კითხვები, რომლებზეც თანამოსაუბრისთვის ან მკვეთრი და უხეში შენიშვნის მიცემა მოგსურვებიათ, ან მოულოდნელობისგან დაბნეულხართ და შესაფერისი პასუხი მაშინვე ვერ მოგიძებნიათ.
Sputnik
საკადრისი პასუხი ხშირად მოგვიანებით მოსდით თავში ადამიანებს და გული სწყდებათ, ბრაზობენ, რომ უტაქტო თანამოსაუბრეს ეს სიტყვები დროულად არ უთხრეს.
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, არსებობს არაკორექტულ თუ უსიამოვნო კითხვებზე ვერბალური რეაგირების მეთოდები, რომელთა სწავლაც მარტივად შეიძლება და რომლებიც დაგეხმარებათ, პირადი ცხოვრების შესახებ დასმული უხერხული კითხვები უკონფლიქტოდ და დახვეწილად „აისხლიტოთ“.
სპეციალისტების რეკომენდაციები ასე გამოიყურება:
შეცვალეთ თემა − ნუ უპასუხებთ ისეთ შეკითხვას, რომელიც თქვენი პირადი ცხოვრების საზღვრებს არღვევს. უბრალოდ, თავაზიანად შეცვალეთ საუბრის თემა. ამას ერთგვარი მოქნილობა სჭირდება, მაგრამ რთული არ არის.
გადაიტანეთ საუბარი თავად კითხვის დამსმელზე − ასეთ შემთხვევაში მოგიწევთ თანამოსაუბრესთან დაკავშირებული რაიმე ინფორმაციის გამოყენება, მაგალითად, მისთვის საინტერესო თემებით აპელირება და დიალოგში ჩათრევა, ან მის პრობლემებზე (ჯანმრთელობისა თუ სხვა) ყურადღების გადატანა.
მოუხმეთ იუმორს − რატომღაც ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ შეკითხვა „რამდენი გაქვს ხელფასი?“ სრულიად მისაღებია და ამაში არაფერია საუხერხულო. მაგრამ ეს უტაქტობაა! და რახან თანამოსაუბრეს ეს არ ესმის, თქვენ კი უხეშად შეპასუხება არ გსურთ, შეგიძლიათ იუმორს მიმართოთ: „ამ კითხვას ადვოკატის გარეშე არ ვუპასუხებ“, ან რაიმე მსგავსი.
უპასუხეთ ვრცლად − უსიამოვნი შეკითხვას შეგიძლიათ შორიდან მოვლითა და ვრცლად უპასუხოთ. ეს თანამოსაუბრეს ან დაღლის, ან დააბნევს, ან სულაც დაავიწყებს, რა იკითხა. არ მოგერიდოთ, რომ ასეთი პასუხი შეიძლება არაადეკვატური გამოჩნდეს − სამაგიეროდ სიტუაციას უკონფლიქტოდ ამოწურავთ.
გაავლეთ მკაფიო მიჯნა − ეს სტრატეგია ყველაზე მარტივია, თუ მშვიდი და თავაზიანი ტონის შენარჩუნებას შეძლებთ. უბრალოდ ღიმილით გაუვლეთ თანამოსაუბრეს საზღვარი, უთხარით, რომ არ გიყვართ პირად ცხოვრებაზე საუბარი და გულის გადაშლა.
გახსოვდეთ: ვალდებული არ ხართ ყველა ცნობისმოყვარის ინტერესი დააკმაყოფილოთ და ყველა კითხვას უპასუხოთ. ვიღაცის არაჯანსაღი ინტერესი არ არის იმის საფუძველი, რომ ილაპარაკოთ იმაზე, რაზეც არ გსურთ.