მსოფლიო დღეს

უბედური შემთხვევა ქიმიის გაკვეთილზე: დაშავებულია 11 მოსწავლე

Sputnik
თბილისი, 21 ნოემბერი − Sputnik. სკოლაში ქიმიის გაკვეთილზე ექსპერიმენტის ჩატარებისას მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულია 11 ბავშვი და ერთი ზრდასრული ადამიანი, იუწყება ტელეარხი ABC.
გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ავსტრალიის ქალაქ სიდნეის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში მოხდა.
ერთი ვერსიით, ქიმიურ ცდაზე, რომელიც შენობის გარეთ, ღია სივრცეში ტარდებოდა, ამინდმა მოახდინა გავლენა.

„აშკარაა, რომ დღევანდელმა ქარიანმა ამინდმა ამ კონკრეტულ ექსპერიმენტზე გავლენა მოახდინა და ჰაერში იმაზე მეტი ქიმიური ნივთიერება გაიფრქვა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამან რამდენიმე ბავშვი დააშავა“, − განაცხადა სუპერინტენდანტმა ფილ ტემპლმანმა.

მისი თქმით, 10-11 წლის ბავშვებს დაზიანებები მკერდის, სახისა და ფეხების არეში აქვთ მიღებული, თუმცა მათი უმეტესობა მსუბუქადაა დაშავებული. სერიოზული ტრავმები მხოლოდ ორ ბავშვს აღენიშნება, რომლებიც ვერტმფრენებით გადააფრინეს საავადმყოფოში.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.