საქართველოს მთავრობა: „ბორჯომის“ კომპანიას რესტრუქტურიზაცია სჭირდება

მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები სხვა აქციონერებთან ერთად სახელმწიფოსთან თანხმდება, განაცხადა მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. დღის წესრიგში დგას კომპანია „ბორჯომის“ გრძელვადიანი რესტრუქტურიზაცია, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
სახელმწიფო ფლობს კომპანია Rissa Investments Limited-ის - ბორჯომის მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის მაკონტროლებელი აქციონერის - 7,73%-ს.
„გრძელვადიანი რესტრუქტურიზაციაა დღის წესრიგში. ეს საჭიროა იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის სტრუქტურა იყოს უფრო მოქნილი, ადეკვატური და მეტად პასუხობდეს გამოწვევებს, რომელიც დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე შეიქმნა. მართვაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავითაშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფო არ არის ჩართული ოპერატიულ მართვაში, მაგრამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, სხვა აქციონერებთან ერთად, სახელმწიფოსთან თანხმდება, „ბორჯომის“ ბრენდის სტრატეგიული ინტერესების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე.
„კიდევ უფრო ძლიერად იყოს „ბორჯომი“, როგორც ბრენდი, საერთაშორისო ბაზარზე წარმოდგენილი და ბორჯომში დასაქმებული მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
IDS Borjomi-ში ფინანსური პრობლემების შესახებ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ გამოიწვია, მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გახდა ცნობილი. ამ ფონზე 19 მაისს კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას.
საქართველოს მთავრობასა და „ბორჯომის“ მფლობელებს შორის დადებული გარიგების თანახმად, Rissa Investments Limited-ის დირექტორთა საბჭოს სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობს და გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს. გარდა ამისა, სახელმწიფოს ჰყავს ერთი დირექტორი – მეთვალყურე.
Rissa Investments Limited - არის ჰოლდინგური კომპანია, რომელიც ფლობს კონსოლიდირებულ აქციებს რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე ბოთლის წყლების წარმოებაზე.