ორბელიანების სასახლეში „რეგიონების კვირეული“ იწყება

კვირეულის დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა
Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, თბილისში, ორბელიანების სასახლეში „რეგიონების კვირეული“ გაიმართება, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაცია.
პრესსამსახურის ინფორმაციით, „კვირეული“ ორბელიანების სასახლეში 21 ნოემბერს „სვანეთის დღეებით“ გაიხსნება და 3 დღეს გასტანს.
კვირეულის დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და მათი პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე.
„ორბელიანების სასახლე იმ ცოცხალ სივრცედ იქცევა, სადაც ადამიანები საერთო ენას იპოვიან ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების ხელშესაწყობად და მისი პოტენციალის წარმოსაჩენად. სვანეთის დღეები არის „რეგიონების კვირეულის" პირველი ნაბიჯი, მიზანი კი, მომავლის სვანეთია, ისეთივე დიდებული და საამაყო, როგორც სვანეთის უმდიდრესი და მრავალფეროვანი წარსული“, - ნათქვამია განცხადებაში.
სვანეთის დღეების ფარგლებში, კულტურული პროგრამის პარალელურად, გაიმართება პანელური დისკუსიები სვანეთის თვითმმართველობის, ენერგეტიკის, ეკონომიკური პოტენციალის, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.