თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. საბურთალოს რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე 21 ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვა ონკოლოგიური კლინიკიდან ბრიტანულ-ქართულ აკადემიამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს.
უწყების ცნობით, გზის რეაბილიტაციის პერიოდში ავტომობილები შემოვლითი გზით - ამაშუკელის, დათუაშვილის, ავთო ვარაზისა და ფერმწერთა ქუჩების გამოყენებით გადაადგილდებიან.
ასევე, სატრანსპორტო საშუალებები კვაჭაძის ქუჩაზე ლისის წრიდან ონკოლოგიურ კლინიკამდე და უკუმიმართულებით იმოძრავებენ.
აღნიშნულ მონაკვეთზე გზის სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის.