პრეზიდენტმა ქართული სტარტაპის დამფუძნებელი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

სტარტაპმა Theneo-მ 1,5 მლრდ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე ღირსების ორდენით დააჯილდოვა Web Summit-ის გამარჯვებული, ქართული სტარტაპის დამფუძნებელი ანა რობაქიძე.
ანა რობაქიძე კომპანია Theneo-ს დამფუძნებელია. იგი დაჯილდოვდა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაფუძნებული წარმატებული ბიზნეს-პროექტის შექმნისათვის, საზღვარგარეთ ქართული სტარტაპების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
ქართული სტარტაპის დამფუძნებელი ანა რობაქიძე
დაჯილდოების ცერემონია ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია Globalize UK 2022-ზე გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.
Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც ვებ-დეველოპერებსა და კომპანიებს მაღალი ხარისხის API დოკუმენტაციას სთავაზობს. სტარტაპმა 1,5 მლრდ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.
Web Summit არის პროგრამისტების საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ტარდება. ღონისძიებას წელს 70 ათასზე მეტი მონაწილე დაესწრო.