თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, მთავრობასა და მოსახლეობას ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი მიულოცა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკისა და სხვა სფეროებში.
„აზერბაიჯანის მთავრობას და აზერბაიჯანელ ხალხს ვულოცავ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს. ბევრს მივაღწიეთ ერთად! საქართველო ამაყობს აზერბაიჯანთან მჭიდრო მეგობრობითა და სტრატეგიული პარტნიორობით“, – დაწერა ღარიბაშვილმა Twitter-ის თავის გვერდზე.
პრემიერის თქმით, საქართველო მოუთმენლად ელოდება რეგიონული თანამშრომლობის გაგრძელებას მშვიდობისა და კეთილდღეობის მიზნით.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. საქონელბრუნვა ქვეყნებს შორის 2022 წლის იანვარ–სექტემბერში 21,3%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 959,6 მლნ დოლარი შეადგინა.