თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

შეზღუდვის გამო, ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. მელიქიშვილის გამზირზე ვარაზისხევის ქუჩიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვები 19 ნოემბრის 24:00 საათიდან ამოქმედდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 23 ნოემბრამდე იმოქმედებს.
უწყების ცნობით, მელიქიშვილის გამზირიდან და გამზირისკენ მოძრაობისას, გადაადგილება შეიზღუდება პეტრიაშვილის, შანიძის, ჯანაშიას, თარხნიშვილისა და ტატიშვილის ქუჩებზე.
აღნიშნულ ქუჩებზე მძღოლები მოხვდებიან ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, ბაქრაძისა და ხორავას ქუჩების მეშვეობით.
შეზღუდვის გამო, ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
მელიქიშვილის გამზირი 19 სექტემბერს გაიხსნა. მასშტაბური პროექტის ფარგლებში მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, განახლდა წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზმომარაგების მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდა და დამონტაჟდა განათების ქსელი LED სანათებით.
ასევე მოეწყო ტროტუარები, მოსაცდელები, საავტობუსო ზოლები და ველობილიკი. დამონტაჟდა მიწისქვეშა ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდა შშმ პირებისთვის.